რევაზ სოხაძე სპორტული კომპლექსების საპროექტო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
30 დეკემბერი 2025
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, სპორტის მინისტრ შალვა გოგოლაძესთან ერთად და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების საპროექტო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში გამარჯვებული ხუთი არქიტექტურული ბიუროს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების პროექტირებისთვის საჭირო რეკომენდაციები. სპორტის სამინისტრომ საპროექტო კომპანიებს გააცნო საკუთარი ხედვა და შენიშვნები, რომლებიც შეეხება როგორც სივრცეების ფუნქციურ მოწყობას, ისე ტექნიკურ დეტალებს.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების დაზუსტება, რაზეც კონტრაქტორებს სჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია — მათ შორის სივრცეების დაგეგმარება, განათების სისტემები, იატაკის საფარის მახასიათებლები და სხვა სპეციფიკური პარამეტრები.
შეხვედრაზე გაესვა ხაზი იმ დეტალებს, სადაც ხარისხია გადამწყვეტი და ფინანსური რესურსების დაზოგვა არ უნდა მოხდეს.
სპორტის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ინფრასტრუქტურის სამინისტროს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის და აღნიშნა, რომ სპორტის სამინისტრო მზად არის, ნებისმიერ ეტაპზე აქტიურად ჩაერთოს პროცესში. მისი თქმით, სამინისტროს გააჩნია შესაბამისი გამოცდილება და მუდმივად იქნება ხელმისაწვდომი სამუშაო ჯგუფი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, საპროექტო კომპანიებს კონსულტაციებს გაუწევს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეები.